ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ფილმ And Then We Danced-ის ჩვენების გასაპროტესტებლად კომბლების გათლის ნაცვლად მე-18 ძეგლისწერის წაკითხვა სჯობდა. საუბარია რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაზე, რომლის წაკითხვა თავად სურდა სინოდის სხდომაზე. მისივე თქმით, რწმენის დაცვა ცეცხლით და მახვილით არ შეიძლება.
“ეს არის არამართმადიდებლობა, არასწორი გაგება მართლმადიდებლობის და ქრისტეს მცნების”, — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 8 და 9 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი თბილისი გალერიაში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.