“კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა” – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვეტიციო ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით.

2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital NL B.V-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას, მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში” – აღნიშნულია განცხადებაში.