კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორის ღია წერილი

ე ვარ ბიზნესმენი, გიორგი თოფჩიშვილი, ავტოგასამართი სადგურების კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორი.

„ფრეგო“ დაფუძნდა 2013 წელს და იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ხელი შეუწყო ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული მონოპოლიური სიტუაციის შეცვლას კონკურენტული გარემოთი. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მიუხედავად საერთაშორისო ნავთობპროდუქტების გიგანტურ კომპანიებთან არსებული კონკურენციისა, „ფრეგო“ განვითარდა და მისმა გასამართ სადგურებმა 80 ერთეულს მიაღწია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში „ფრეგო“ მომხმარებლებს აწვდიდა ევრო-6 სტანდარტის საწვავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება საქართველოში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის საწვავზე გადასვლა.

2018 წლიდან შეიქმნა არაჯანსაღი კონკურენცია კონტრაბანდული და ე.წ. დღგ-იანი პროდუქციის გავრცელებით საწვავის ბაზარზე, ამის გამო აღვმოჩნდით არათანაბარ ეკონომიკურ პირობებში და მოგვიწია ფრეგოს ქსელის შემცირება 40 ავტოგასამართ სადგურამდე.

როცა ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო გამოძიება ამ არალეგალური საწვავის ბაზარზე გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმეთ აღნიშნულ გარემოებას. როცა პირადად მე დამიკავშირდა გამომძიებელი და მთხოვა ჩვენების მიცემა საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით, მიუხედავად იმისა რომ მე ვიმყოფებოდი საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ ჩამოვედი საქართველოში. სამწუხაროდ მე აღვმოჩნდი რეალობაში, როცა ჩემ მიმართ „შეკერილი“ საქმის საფუძველზე დამადეს ხელბორკილები და მომათავსეს საპატიმროში სადაც უკვე მე-4 თვეა ვიმყოფები. პარალელურად მოხდა „ფრეგო“-ს ანგარიშებისა და ქონების დაყადაღება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია კომპანიის მუშაობის გაჩერება.

ამჟამად ჩემგან ითხოვენ იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც არ ჩამიდენია.

ამასობაში კომპანია „ფრეგო“-მ, რომელმაც გაუძლო საერთაშორისო გიგანტებთან კონკურენციას, არალეგალურ საწვავთან კონკურენციას და საქართველოში ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა უამრავ პრობლემას, ვერ გაუძლო ზეწოლას სახელმწიფოს მხრიდან.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მიმართვების სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, კომპანიას არ მიეცა საშუალება გაეგრძელებინა მუშაობა, თუნდაც მინიმალური დატვირთვით. სახელმწიფოს მხრიდან უსაფუძვლო და გაუმართლებელმა ყადაღებმა, გაუმართლებელმა წნეხმა „მიაღწია მიზანს“ და გააჩერა ბაზარზე მყოფი ერთ – ერთი კონკურენტული მოთამაშე ნავთობკომპანია.

კომპანია „ფრეგო“ ვეღარ ასრულებს თავის ვალდებულებებს და მიყვანილია გაკოტრებამდე. ამის შედეგად, სამსახური დაკარგა 400-მდე ადამიანმა და ჩვენი გუნდის მრავალწლიანი ძალისხმევა, შრომა და მრავალმილიონიანი ინვესტიცია წყალში გადაიყარა.

აღსანიშნავია, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში „ფრეგო“-ს მიერ 40 მილიონ ლარამდე აქვს გადახდილი გადასახადების სახით. შესრულებულია მრავალი საქველმოქმედო და ინოვაციური პროექტი.

უნდა ითქვას ისიც რომ მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე დიდი ხანია რაც ვცხოვრობ საზღვარგარეთ და ვარ ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე, ამ წლების განმავლობაში ძირითად ინვესტიციებს ვანხორციელებდი საქართველოში, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ინვესტიციის განხორციელება ქვეყანაში, სადაც დღემდე ადამიანი ადვილად შეიძლება გახდეს ზეწოლის ობიექტი სახელმწიფოს მხრიდან.

გამოძიებამ და პროკურატურამ, რომლებმაც შესანიშნავად იციან რომ ბიზნესმენისთვის ციხეში ყოფნა ნიშნავს ბიზნესის დაღუპვასა და რეპუტაციის შელახვას, ზემოქმედების მიზნით მიმართავენ ზეწოლის ამ ფორმას – პატიმრობაში დატოვებას.

მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მე – გიორგი თოფჩიშვილს დღგ-სთან დაკავშირებული სქემით არასოდეს მიმიღია უკანონო შემოსავალი და არ დამიზარალებია სახელმწიფო ბიუჯეტი.

ვითხოვ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას, ჩამაყენონ თანაბარ პირობებში პროკურატურასთან და მომცენ საშუალება ჩემს გუნდთან ერთად ზეწოლის გარეშე დავამტკიცოთ ეროვნულ სასამართლოშივე ჩემი უდანაშაულობა. ამისთვის ყველა ობიექტურ და მიუკერძოებელ დამკვირვებელს, საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს, საერთაშორისო სავაჭრო პალატების წარმომადგენლებს ვთხოვ მონიტორინგი გაუწიონ ჩემს სასამართლო პროცესებს, რათა ყველამ ერთად, საერთო ძალისხმევით არ დავუშვათ უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვა და უკანონობის წახალისება.