84 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.
1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ყანჩელს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.