კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,მთავარ არხს” შესაძლოა სანქციები დაუწესოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ,,მთავარი არხისთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს. ონ.ჯი-ს ინფორმაციით, ამ საკითხზე კომისია 30 დეკემბერს იმსჯელებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადავოდ ,,მთავარი არხის” ეთერში გასულ იმ ვიდეორგოლის შინაარს მიიჩნევს, რომელშიც საქართველოში არსებული სოციალური პრობლემებია აღწერილი და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ფონზე ისმის სიტყვები: “მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა”. კომისიის განმარტებით, ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსისაა და მიმართულია ერთი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგოდ, პოლიტიკური რეკლამა კი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია დაშვებული.

,,აღნიშნული ვიდეორგოლები თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისთვის და ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეშლას”,- ნათქვამია კომისიის წერილზე თანდართულ დოკუმენტში.

მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ონ.ჯი-სთან აცხადებს, რომ კომისიას არხისთვის სანქციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მისი თქმით, ვიდეორგოლზე, რომელსაც არ ჰყავს დამკვეთი, პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია. 

“ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა. ასევე ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამა აკრძალულიაო. საერთოდ, კანონი არ ცნობს დეფინიციას, როგორც პოლიტიკური შინაარსი. დავუშათ, რომ ასეთი ინტერპრეტაცია შეიძლება და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა აკრძალულია. ამგვარი დათქმა მოქმედებს აკრძალვაზე, როცა მაუწყებელს ჰყავს დამკვეთი. ამ შემთხვევაში ჩვენ დამკვეთი არ გვყოლია. ჩვენ დავამზადეთ და გავუშვით ჩვენს ეთერში. სრულიად გამორიცხულია ამაზე პასუხისმგებლობის დაკისრება”,- აცხადებს მურადაშვილი.

სატელევიზიო ვიდეორგოლებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია პირველად არ ინტერესდება. ის 2018 წელს ტელევიზიებისგან სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო 3 ვიდეოს ამოღებას ითხოვდა.