კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარი არხი” დაასანქცირა და ვიდეორგოლის საეთერო ბადიდან ამოღება დაავალდებულა.
,,საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ”,- წერია კომისიის განცხადებაში.
მათი თქმით, ,,მთავარმა არხმა” გავრცელებული ვიდეორგოლით კანონმდებლობა დაარღვია. ,,კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა” თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები”,- ვკითხულობთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ეროვნულმა კომისიამ კანონდარღვევად ,,მთავარი არხის” ეთერში გასული ის ვიდეორგოლი მიიჩნია, რომელშიც საქართველოში არსებული სოციალური პრობლემებია აღწერილი და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ფონზე ისმის სიტყვები: “მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა”.
,,მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი ამის შესახებ ამბობდა, რომ კომისიას არხისთვის სანქციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მისი თქმით, ვიდეორგოლზე, რომელსაც არ ჰყავს დამკვეთი, პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია.