კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარი არხი” ივანიშვილისადმი კრიტიკული კლიპის დაგვიანებით ამოღების გამო დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,მთავარი არხი” ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული ვიდეორგოლოს დაგვიანებით ამოღების გამო 2500 ლარით დააჯარიმა.

უწყების ცნობით, არხმა არაწინასაარჩევნო პერიოდში ,,პოლიტიკური რეკლამა” განათავსა, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. კომისიამ ,,მთავარს” 30 დეკემბერს კლიპის ამოღება დააავალდებულა, რაც ,მათივე ინფორმაციით, არხმა 23 დღის დაგვიანებით გააკეთა.

,,6 თებერვალს გამართულ სხომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ – 5 თებერვალს იქნა ამოღებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-ამდე ოდენობით, რაც „მთავარი არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6,479.38 ლარს შეადგენს”,- წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

ეროვნულმა კომისიამ კანონდარღვევად ,,მთავარი არხის” ეთერში გასული ის ვიდეორგოლი მიიჩნია, რომელშიც საქართველოში არსებული სოციალური პრობლემებია აღწერილი და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულების ფონზე ისმის სიტყვები: “მან გაანადგურა ეროვნული ვალუტა”, ,,ის სძულს საქართველოს”. 

,,მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი ამის შესახებ ამბობდა, რომ კომისიას არხისთვის სანქციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, რადგან ვიდეორგოლზე, რომელსაც არ ჰყავს დამკვეთი, პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია.