“კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მაშინ, როცა ამერიკაში ეს სისტემაა”- დიმიტრი ხუნდაძე

„ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მითუმეტეს, ახლა, ასე მოუმზადებლად, ცოტა უხერხულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით რუსეთის ინტერესების საქართველოში განხორციელებას შეუშალა ხელი.

„ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მითუმეტეს ახლა, ასე მოუმზადებლად, ცოტა უხერხულია და ცოტა არ იყოს – გასაკვირიც. კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მაშინ, როდესაც ამერიკაში სრულად მაჟორიტარული სისტემაა. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება აქტიური ურთიერთობა. ჩვენ, ვინც ამ გადაწყვეტილებაში უშუალო მონაწილეობა მივიღეთ, ღია ვართ, თუკი ისინი საჭიროდ ჩათვლიან ამ კონტაქტებს და ურთიერთობებს. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი ქვეყანა საგარეო კურსს არ შეიცვლის და სწორედ პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მაჟორიტარებმა საკუთარ თავზე აიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია არის პირდაპირი ხაზი იმისთვის, რომ რუსეთმა თავის ინტერესები განახორციელოს საქართველოში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი პირობაა, რომ პარტიული სპექტრი დესტრუქციული არ იყოს. ხუნდაძის თქმით, ახლა პოლიტიკური სპექტრის წინა ხაზზე “ნაციონალური მოძრაობა” დგას.

“პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ პარტიული სპექტრი დესტრუქციული არ იყოს. თქვენ კი ხედავთ პოლიტიკურ სპექტრს, სადაც წინა ხაზზე ყოველთვის არის “ნაციონალური მოძრაობა” და მათი მხარდამჭერები. ასე, რომ “ნაციონალურ მოხრაობას”, მათ დანამატებს, შვილობილებს თუ პარტიულ მეზობლებს ჩაეშალათ გეგმა და ამას ვულოცავ ქართულ საზოგადოებას”, – განაცხადა ხუნდაძემ.