კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს- შეპარდი

ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენების და სენატორის წერილები მთავრობისთვის გაფრთხილებაა, ისინი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. მისი განცხადებით, თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.

,,ის მართალია, რომ კონგრესში 435 წარმომადგენელია და სენატში 100 სენატორი. ამ რაოდენობიდან, 4 ადამიანი მათემატიკურად ნამდვილად არ არის დიდი რაოდენობა. ფაქტი ისაა, რომ ამერიკის კონგრესი წარმოუდგენლად ბევრ საკითხზე მუშაობს, როგორც შიდა პოლიტიკის ასევე საგარეო ურთიერთობების მხრივ. ამ ოთხ კონგრესმენს კოლეგები ჰყავს, ისინი კომიტეტების წევრები არიან და ამ თემებზე კომიტეტებში საუბრობენ. ეს პირველი ნაბიჯია. ისინი ამას პირდაპირ არ ამობენ, მაგრამ ამ წერილების გაგზავნით, იმას იძახიან, რომ საქართველოს გაფრთხილება მიეცა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც დაინახონ, რომ ამერიკა საქართველოს ყურადღებას აქცევს და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს გზავნილი გაამკაცრონ, შეუძლიათ უფრო მეტიც გააკეთონ.

ადამიანებს ავიწყდებათ, რომ კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა. თუ კონგრესმა რაღაცა გადაწყვიტა და ეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, მას პრეზიდენტიც კი ვერ ადებს ვეტოს. საკანონმდებლო პროცესი ესკალატორს ჰგავს. წერილის დაწერა ესკალატორის პირველი საფეხურია. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს”,- ამბობს რობინ შეპარდი.

ის გამოეხმაურა მთავრობის პასუხსაც , რომ კონგრესმენებს ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას აწვდს. მისი თქმით, მთავრობები, რომლებიც ,,ცუდად იქცევიან” , არასდროს აფასებენ საკუთარ მოქმედებებს და ოპოზიციას ადანაშაულებენ.

,,პირველ რიგში, ის მთავრობები, რომლებიც „ცუდად იქცევიან,“ ყოველთვის იმას ამბობენ, რომ მათი ადგილობრივი ოპონენტები ქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ. მაგალითად პროპორციული სისტემა რომ მოვიყვანოთ. საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობამ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. შემდეგ მთავრობა გამოვიდა და ეს დაპირება უკან წაიღო. ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ამის უფლება აქვს. ეს ოპოზიციას არ გამოუგონია. ეს რეალობაა”,- განაცხადა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.