აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია – ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ ცნობილი გახდა კონგრესმენ ფრანცის რუნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შორის გამართული შეხვედრისას. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ინიცირება წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებას.
“რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ოკუპირებას. “საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად ევრაზიის რეგიონში”, ნათქვამია რეზოლუციაში.
“ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”)) – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას”, აღნიშნულია რეზოლუციაში.
ის ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინეტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.
კონგრესმენი რუნის განმარტებით, “საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეა ევრაზიის კონტინენტზე.”
რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.
“რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა.” .. აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას”, წერია რეზოლუციაში.














