კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ჩინეთში 1000-საწოლიან საავადმყოფოს 10 დღეში ააშენებენ

ჩინეთში, ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 23 იანვარს 1000 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყეს, რომელიც , გეგმის მიხედვით, 10 დღეში პაციენტებს მიიღებს.

სამშენებლო სამუშაოებში ჩართულია 35 ექსკავატორი, 10 ბულდოზერი და 100-ზე მეტი მუშა. საავადმყოფოს მშენებლობა მათი გათვლებით 3 თებერვალს დასრულდება.

,,ამ პროექტის მშენებლობა არსებული სამედიცინო რესურსების დეფიციტის მოგვარებაა”,- იუწყება ჩინური მედია. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოს მშენებლობა ძვირი არ დაჯდება, რადგან ის ასაწყობი ტიპის იქნება.

ქალაქი უჰანი კორონავირუსის ეპიცენტრია, თავდაპირველად ვირუსი ამ ქალაქში გაჩნდა. უახლესი ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 830-ს მიაღწია, გარდაცვლილი კი 26 ადამიანია.