კონსულტაციები ოპოზიციაში: ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას “თავისუფალი დემოკრატები” არ იზიარებენ

 

{{ARTICLEIMAGE}}
“ლეობორისტული პარტიის“ ოფისში  გამართულ კონსულტაციებში თავისუფალი დემოკრატები“ დღეს არ მონაწილეობდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათ შეხვედრაზე დასასწრებად შეთავაზება არ მიუღიათ. პარტია იზიარებს მოთხოვნას, რომ არჩევნები აუცილებლად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, თუმცა არ ეთანხმება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას.

“თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია შემდეგში მდგომარეობს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარდა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით. მეტად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს, აყენებს საკითხს, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული საარჩევნო წესით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან, ვადამდელი არჩვნების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ დავტოვებთ ამომრჩეველს ამ ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე, მაშინ როდესაც სახეზეა ახალი პოლიტიკური გაერთიანების სულ ურო მზარდი მოთხოვნა“, განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა იმის მოძებნა, თუ რაში აქვს თანხვედრა ოპოზიციურ სპექტრს.

“ერთი პოზიცია გვაქვს იმაში, რომ თუ არ ჩატარდა პროპორციული არჩევნები, მაშინ არც ვადამდელს აქვს აზრი და არც კონსტიტუციურ ვადაში ჩატარებას“, – განაცხადა შავგულიძემ.

“ახალი მემარჯვენეები კი გაერთიანებულ ოპოზიციას ურჩევენ, თუ მათ მართლაც სურთ საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარული წესის გაუქმება, პროპორციულის შემოღება და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, უარი თქვან ულტიმატუმებზე და კონკრეტული ვადების დასახელებაზე.

მამუკა კაციტაძის თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებისთვის დათქმული ვადა, 16 დეკემბერი, უნდა შეცვალოს, რადგან საკუტარი გამოცდილებით, როგორც ამბობს,  ვადების დათქმა ხელისუფლების ინტერესებში შედის და მთავარ იდეას ჩრდილს აყენებს.

დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას”, ასევე “ახალი მემარჯვენეების”, “დემოკრატიული მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ ყოფილან “თავისუფალი დემოკრატების” და “შენების მოძრაობის”” წარმომადგენლები.
“დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. პარტიების შეფასებით, არჩევნები გაიმართა საარჩევნო კოდექსის სხვა კანონებისა და ნორმების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მასობრივი და უხეში დარღვევის პირობებში. სახეზეა ადმინისტრაციული რესურსის უკანონო და მასშტაბური გამოყენება, ამომჩრევლის მასობრივი მოსყიდვა, მასზე შანტაჟი და უხეში ზეწოლა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გაყალბება. ზემოაღნიშნული მასობრივი დარღვევები, ჩვენი შეფასებით, იძლევა საფუძველს განვაცხადოთ, რომ ამ დარღვევებმა პირდაპირი და თვისობრივი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს, მივიჩნევთ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საჭიროა: პირველი – საარჩევნო სისტემის ცვლილება და შემდგომი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, მეორე – საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ძირეული ცვლილება და საარჩევნო გარემოს გარდაქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.