ამერიკული Conti International კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება,- აღნიშნულ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”-აცხადებენ კონსორციუმში.
გუშინ, 24 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ მოხარული იქნებიან, თუ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.
2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებდა, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს.