ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროს კორონავირუსის 3000 ტესტი აქვს, 20 ათასი კი შესყიდვის ფაზაშია.
გაბუნია ამბობს, რომ ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებს ერთდროულად 100 ტესტის ჩაბარება შეუძლიათ.
თავად ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტესტებთან ერთად, მომარაგებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ჯერ არ დამდგარა.
,,დღესდღეისობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები, თუმცა ჩვენ უკვე ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ეს არის ეტაპობრივი გართულება, რომლის მზაობა ყველა შერჩეულ საავადმყოფოს ეტაპობრივად შეუძლია. ამ ეტაპზე მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი ესაჭიროება. დღეს უკვე მომზადებული გვაქვს 150 სუნთქვის აპარატი, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება”, – აცხადებს ტიკარაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინში მოთავსებულია 1008 ადამიანი, სტაციონარში კი 64.