კორონავირუსის გავრცელებამ შესაძლოა საბაზო მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვიოს. მიზეზი მსოფლიოში ჯენერიკი მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებლის და მომწოდებლის – ინდოეთის მიერ წამლების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა.
ინდოეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა მსოფლიო ბაზარზე 26 ჯენერიკს (აქტიური ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა პრეპარატების შემადგენლობაში შედის) შეეხო. ასევე მათ ბაზაზე დამზადებულ პრეპარატებს – კერძოდ კი პარაცეტამოლს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.
სიაში შედის რამდენიმე სახის ანტიბიოტიკი, მათ შორის ტინიდაზოლი და ერიტრომიცინი, პროგესტერონის ჰორმონი და ვიტამინი B12.
წამლების წარმოებისას ინდოეთი 70%–ით დამოკიდებულია ჩინეთში ჩარმოებულ კომპონენტებზე, სადაც ამჟამად კორონავირუსის გამო ფარმაცევტული ქარხნების დიდი ნაწილი დაიხურა.
ინდოეთის ხელისუფლება ამბობს, რომ უკვე დამზადებული პრეპარატების მარაგი საკმარისია იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზრისთვის მათი მიწოდება ძველებური მოცულობით განხორციელდეს, ამიტომ პანიკის საფუძველი ჯერ არ არსებობს.
თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ ექსპორტის შეზღუდვა გარდაუვლად გამოიწვევს საბაზო მედიკამენტების გაძვირებას.