კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა მსოფლიოში 3000–ს გადააჭარბა

მსოფლიოს მაშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3000–ს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კიდევ 42 დაღუპულის შესახებ განაცხადა.
სიკვდილის შემთხვევათა 90% ჩინეთის პროვინცია ჰუბეიზე მოდის, სადაც ქალაქი უხანი მდებარეობს.

გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულია კიდევ 10 ქვეყანაში.

50 –ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ირანში. 30–ზე მეტი იტალიაში. სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაავადებულთა 2–3%–ს შეადგენს. შედარებისთვის – გრიპის შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელია დაავადებულთა 0.1%.

თუმცა მძიმე რესპირატორული სინდრომის – SARS-ის და ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის MERS–ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე კორონავირუს Covid-19–ის.

მთელ მსოფლიოში დაახოებით 90 000 შემთხვევაა დარეგისტრირებული. თავად ჩინეთში ამჟამად ინფექციის გავრცელება შენელდა, მის ფარგლებს გარეთ კი დაჩქარდა, განსაკუთრებით იტალიაში.
დაავადებულთა უმრვლესობაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვირუსი მძიმე ფორმას ძირითადად 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში იღებს.