ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო შექმნილ StopCov ფონდის ანგარიშზე 5 მილიონ ლარამდეა შეგროვილი.
მისი თქმით, ამ თანხის ხარჯვისას პრიორიტეტი იქნება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.
,,ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა”, – თქვა მიხეილ დაუშვილმა.
StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით შეიქმნა მას შემდეგ, რაც კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილი გამოთქვეს. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ყველა ინიციატივა ერთ პლატფორმაზე გაერთიანდება და ეს გაამარტივებს კომუნიკაციას. არსებობს საიტი Stopcov.ge-ც, რომელზეც კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია იდება.