საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 15 ადამიანია. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ შედარებით მძიმეა, ხოლო 3-ს ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
,,რაც შეეხება ინფიცირებულთა მთლიან რაოდენობას არ დამატებია, სულ არის 14 ინფიცირებული პაციენტი ჩვენთან და კიდევ ერთი არის საჩხერეში. საჩხერეში მყოფი პაციენტის მდგომარეობა კარგია, არავითარი ჩივილი არ აქვს, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაცია. ერთი პაციენტი, რომელიც შედარებით მძიმედაა, ის რჩება ამ მდგომარეობაში და მას უტარდება სერიოზული მკურნალობა, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები დარღვეული არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება, ორმხრივი ფილტვების ანთება, მათგან ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორი პიროვნება ვისაც ფილტვების ანთების მოვლენები აღენიშნებათ, მათ აქვთ საშუალო ტიპის მდგომარეობა, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე საფრთხესთან და სრულიად კონტროლირებადია“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
მისივე თქმით, კორონავირუსზე 8-9 ადამიანის კვლევის შედეგებს ელოდებიან, ხოლო 21-ის შედეგი უარყოფია.
„ჩვენთან ამ მომენტში იმყოფება 42 პაციენტი, 21 პაციენტის გამოსაკვლევი მასალა იყო გაგზავნილი ლუგარში. მოვიდა ყველაზე უარყოფითი პასუხი და ჩვენთან არც ერთი ინფიცირებული არ დამატებულა. დაახლოებით 8-9 პაციენტის ანალიზები აღებულია და იქნება გვიან ღამით ან ხვალ დილით”,- ამბობს ცერცვაძე.
ამჟამად საქართველოში კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 56.