კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას თქმით, ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება საყურადღებაო, მაგრამ არა საგანგაშო. ჯანდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.

,,მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე, სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია იყოს ბანერები და ფლაიერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომრები, რომ დროულად მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში”,- აცხადებს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, დღეს კონორავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დახურული შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე შესაძლო საფრთხეების თაობაზე იმსჯელებენ, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, შეათანხმებენ ერთიან სამოქმედო გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

დღევანდელი ინფორმაციით , კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, ინიფიცირებული კი 500-ზე მეტია. ჩინეთის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა.