კორუფციული სკანდალი აჭარაში – მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება საღამოს თერთმეტი საათისთვის მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა, რასაც დაკავებულთა ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარეს 7 საათის განმავლობაში უსმენდა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ შესაძლო ბრალის დამძიმებაზეც საუბრობდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათი გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
ბრალდებულებს პროცესზე სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცათ. ბათუმის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
სამ დაკავებულს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტ „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია კონვენტ ჯორჯიას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს.