“კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”-ინაშვილი უცხოელ დიპლომატზე

“კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”-ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ის დიპლომატს მანამდეც შეხვედრია და ინფორმაცია, რომ ინაშვილი მას არ იცნობდა სიცრუეა. ინაშვილმა  შეხვედრის დამადასტურებელი ფოტომასალაც წარმოადგინა, სადაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი კრამერთან ერთად არის გადაღებული.

“დღეს მთელი დღის მანძილზე ველოდებოდი რომ რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაგრამ არის სრული დუმილი, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს.

მინდა დავიწყო ბატონი კრამერის დიდი ტყუილიდან, თითქოს ის მე არ მიცნობდა, მე და კრამერი ვიცნობთ ერთმანეთს 2010 წლიდან. ჩვენ შეხვდით მას სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, იყო ძალიან მძიმე შეხვედრა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ბატონი კრამერი იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი. კრამერი ძალიან კარგად მიცნობდა, კარგად იცის რომ მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიოტთა ალანსის გენერალური მდივანი და დასკვნა არის მარტივი: კრამერი არის მატყუარა და გარდა ამისა არის თავხედი და უზრდელი ადამიანი,”-განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხადებით, გუშინ მისი მიზანი საერთაშორისო კონფერენციის ჩაშლა არ ყოფილა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის მტკიცებით, თუ მას ასეთი სურვილი ექნებოდა, კონფერენციაზე მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად მივიდოდა.