რუსეთის ხელისუფლებამ უკვე მოამზადა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე თვითაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მაცხოვრებელთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიცემის გეგმა.
ვარაუდობენ, რომ პუტინი ამის შესახებ განკარგულებას უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მოაწერს ხელს. რუსეთის დუმის დსთ–ს კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ კალაშნიკოვი ადასტურებს, რომ ასეთ განკარგულებას ხელი მართლაც შეიძლება მოეწეროს უკრაინის არჩევნების შემდეგ.
სავარაუდოდ ამ განკარგულების მიხედვით დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობა შეძლებს რუსეთის მოქალაქეობა სავალდებულო გამოცდების და იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე მიიღოს, რომელიც რუსეთში ხუთწლიანი ცხოვრების სავალდებულოობას გულისხმობს.მთავარი მოთხოვნა მოქალაქეობის მისაღებად იქნება ერთ–ერთი “რესპუბლიკის“ პასპორტის ქონა და უკრაინული პასპორტის ჩაბარება.
მარტის ბოლოს რუსეთში ძალაში შევიდა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელთა თანახმად პრეზიდენტმა მიიღო უფლება თავად განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა კატეგორიები, რომლებსაც უფლება აქვთ რუსული პასპორტი გამარტივებული პროცედურით მიიღონ.
რუსული გამოცემა “კომერსანტის“ რუსეთის რეგიონებში, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს ესაზღვრება, “მოქალაქეთა მისაღებად მთელი ინფრასტრუქტურა მზად არის“.
მარტის დასაწყისში დონეცკის და ლუგანსკის ოლქების პასპორტიზაციის მზადების შესახებ დონეცკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ განაცხადა. ის ამბობდა, რომ სამხედრო კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში ეს რუსეთს საშუალებას მისცემს “საკუთარი მოსახლეობის დაცვის ვალდებულება შეასრულოს“.
2017 წელს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის მხრიდან დონბასის თვითაღიარებულ რესპუბლიკების მიერ გაცემული დოკუმენტების აღიარების შესახებ. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ამის მიზანია “მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების დაცვა“.
2019 წლის 1 იანვარს დონეცკის ოლქის მოსახლეობა მისი ხელისუფლების ინფორმაციით 2.2 მილიონი ადამიანი იყო. ლუგანსკის ოლქის მოსახლეობა კი 1.4 მილიონი.
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე თვითაღიარებული რესპუბლიკები გაეროს წევრ არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.