თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობის ფორმატში მიიღებენ.
“ჩვენ აუცილებლად გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თქვენ ამას შეიტყობთ. ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შეიკავონ განსაკუთრებით ამ პერიოდში და ზოგადად ასეთი განცხადებებისგან, ამგვარი განცხადების გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი” – აღნიშნა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი კუხიანიძის ის „ფეისბუქ პოსტია“, რომელიც დეპუტატმა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით დაწერა.