კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ თქვა უარი “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაფინანსებაზე

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდუსერი ქეთი დანელია აცხადებს, რომ კულტურისა და განათლების სამინისტრომ კიდევ ერთხელ თქვა უარი, ფილმის გადამღები ჯგუფისთვის დაფინანსება გამოეყო მოტივით, რომ ეს არ არის ქართული ფილმი. 

“თან მეცინება, თან ვბრაზდები ამ წრეზე ბრუნვით. მეორე უარი კულტურის სამინისტროდან. მეორე უარყოფა. რომ მეუბნებიან რატომ თხოვ რამეს, ხომ იცი რომ მაინც არ მოგცემენ, უფრო მეტად ვბრაზდები. უფრო მეტად მინდება ბრძოლა.
არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიიღონ ეს ფილმი, ძალიან პრინციპულია რომ მიიღონ. ძალიან მეცინება არგუმენტზე, „ეს ხომ არ არის ქართული პროექტი? ხომ შვედეთმა წარადგინა?“. დიახ, ქართულია!!! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება ყველაფერი ქართულია!! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა – კულტურის სამინისტროვ. „მანდარინებიც“ ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე!

ეხლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია ფილმისთვის – წინასაოსკარე კამპანია. რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსებია ჩადებული. სხვადასხვა ქვეყნებში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ ერთი სეანსის მოწყობაც კი რამხელა რესურსს მოითხოვს, თუნდაც საქართველოში, ჰოდა ასეთი ძალიან ბევრი ჩვენებაა უკვე გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრი დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ, მართლა გაგებით ვეკიდებით. მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი, ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია.

მთელი ამ მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი რაც ვითხოვეთ, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენებაზე და მიღებაზე, (სადაც აუცილებლად უნდა იყოს ჯგუფი) 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა იყო. 4 ბილეთი და ქართული სასაჩუქრე სუვენირები. ახლა, ველოდებით კინოცენტრს, რომელიც ცდილობს თანხა გამოძებნოს,” – წერს ქეთი დანელია ფეისბუკზე. 

კულტურისა და განათლების სამინისტრომ უარი განაცხადა ფილმის დაფინანსებაზე. ქეთი დანელიას თქმით, სამინისტრო ჯერ დაპირდა გადამღებ ჯგუფს დაფინანსებას გამოყოფდნენ, თუმცა როდესაც გაიგეს, რომ ფილმი ორი კაცის სიყვარულის შესახებ იყო, უარი თქვეს 2500 ლარის გამოყოფაზე. კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის ინფორმაციით, კანში გასამგზავრებლად 12 500 ლარი გამოყო კინოცენტრმა, რითიც ანაზღაურდა 6 ადამიანის გამგზავრება და 4 ადამიანის დაბინავება.