„რუსთვი 2“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც კვესიტაძის ინტერესებს იცავს.
კვესიტაძემ საჩივარი ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმში წარადგინა, რომლითაც ტელეკომპანიიდან მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას.