კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

“კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა”,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა. საერთოდ, ყველანაირი დახმარება – მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში გაზიარებულია კვიპროსის, როგორც ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიერ“, – განაცხადა  ზურაბიშვილმა.

„კვირპოსი გააძლიერებს თავის მხარდაჭერას, საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი“, – განაცხადა კვირპოსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა.

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს პირველი ვიზიტით გუშინ ეწვია.

ორდღიანი ოფიციალური  ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. დაგეგმილია ვიზიტი საპატრიარქოშიც, სადაც კვიპროსის პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ.