კვირაში სამზე მეტი კვერცხის ჭამა არ შეიძლება. მეცნიერების ახალი დასკვნა

მრავალი წლის მანძილზე მეცნიერები დაობენ ადამიანის ჯანმრთელობაზე კვერცხის დადებითი და უარყოფითი გავლენების შესახებ. დიეტოლოგების აზრი იმასთან დაკავშირებით, რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება კვირაში, ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება.
ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც სამედიცინო ჟურნალ JAMA –ში გამოქვეყნდა, 2-3 კვერცხი კვირაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური ვარიანტია. თუ კვერცხს უფრო ხშირად მიირთმევთ, ამან შესაძლოა სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება გამოიწვიოს, რაც გულ–სისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს – ამტკიცებენ მეცნიერები.
ამერიკელ მეცნიერთა კვლევაში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მონაცემები 17 წლის მანძილზე გროვდებოდა.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის კვერცხის დიდი რაოდენობით მოხმარების საფრთხე კვერცხის გულში ქოლესტერინის მაღალ შემცველობას უკავშირდება. საშუალოდ კვერცხის გულში 185 მილიგრამი ქოლესტერინია.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 300 მილიგრამი ქოლესტერინი დღეში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს 17%–ით ზრდის, ნაადრევი სიკვდილის რისკს კი 18%–ით.
ამ კლვევისას არ ყოფილა გათვალისწინებული მონაწილეთა ასაკი, მათი ფიზიკური აქტივობის დონე ან მწეველობა. მეცნიერები ასევე არ დაინტერესებულან კვლევის მონაწილეთა შორის მაღალი არტერიული წნევის დადგენის საკითხით.როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად ჯანმრთელია ადამიანის გული, რაც მეტ კვერცხს მიირთმევთ, მით მეტად რისკავთ რომ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადება დაგემართოთ, მათ შორის იშემიური დაავადება ან გულის შეტევა.
“ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ორი ადამიანი ერთნაირად იკვებება, მაგრამ კვერცხის განსხვავებულ რაოდენობას მიირთმევს, მას, ვინც მეტ კვრეცხს ჭამს გულ სისხლძარღვთა დაავადების მეტი რისკი აქვს, ვიდრე მას, ვინც ნაკლებ კვერცხს ჭამს “ ამბობს კვლევის თანაავტორი ნორინა ალენი.
არის თუ არა კვლევა წინააღმდეგობრივი?
მეცნიერთა ამ ჯგუფის დასკვნები წინააღმდეგობაში მოდის წინა კვლევებთან, რომლებშიც გვიმტკიცებდნენ, რომ კვერცხის მიღება გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან , იშემიურ დაავადებებთან ან გულის შეტევასთან არაფერ კავშირშია.
თუმცა როგორც ნორინა ალენი ამტკიცებს, წინა კვლევები როგორც წესი უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ტარდებოდა და რიგ მნიშვნელოვან ფაქტორებს არ ითვალისწინებდა.თუმცა მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ შეცდომები მათ კვლევაშიც იყოს.
მონაცემები კვერცხის საკვებად გამოყენების შესახებ კვლევის მონაწილეთა გამოკითხვის გზით გროვდებოდა, რომლებსაც ეკითხებოდნენ, როგორ იკვებებოდნენ ბოლო დროს. ამიტომაც მონაცემები, რომლებსაც მკვლევარები ეყრდნობიან კვლევის მონაწილეთა მეხსიერებას ეყრდნობა.შესაბამისად, კვლევა შეგვიძლია მიმოხილვით ნაშრომად ჩავთვალოთ. ანუ მეცნიერებმა შეიძლება ივარაუდონ, რომ ბევრი კვერცხი მავნებელია, მაგრამ ცალსახად მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენა არ შეუძლიათ.

ბოლოს და ბოლოს, რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება?
ნორინა ალენი გვირჩევს კვირაში 2–3 კვერცხზე მეტი არ მივირთვათ. მათ კი, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ამ რჩევის გათვალისწინება არ შეუძლია, ურჩევს ცილა ჭამონ და გულს მოერიდონ, რომელშიც ქოლესტერინის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა.
დიეტოლოგების დიდი ნაწილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არა მხოლოდ კვერცხის, არამედ ყველა იმ პროდუქტის მიღება უნდა შეიზღუდოს, რომლებიც ქოლესტერინს შეიცავენ.
თუმცა მეცნიერების სხვადასხვა ჯგუფები მაინც სხვადასხვა აზრზე რჩებიან. მაგალითად გასულ წელს ჟურნალ Heart–ში გამოქვეყნდა ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგები, რომლებმაც დაასკვნეს, რომ თუ ყოველდღიურად ერთ კვერცხს მაინც მიიღებთ, გულ–სისხლძარღვთა დაავადების რისკი მცირდება და ამას იმით ხსნიან, რომ კვერცხი სასარგებლო ნივთიერებებით ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული პროდუქტია. ის შეიცავს ბევრ ცილას, ვიტამინებს : A, D, B და B12, ასევე ლუტეინს და ზეაქსანტინს, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს. თუმცა მეცნიერთა ეს ჯგუფიც გვირჩევს, რომ ერთი ან ორი კვერცხი დღეში ნორმალურია და მეტისმეტი არ უნდა მოგვივიდეს, რადგან ორგანიზმში ცილის სიჭარბე თირკმელების ზედმეტ გადატვირთვას იწვევს.