მთავარი არხის ჟურნალისტმა ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია თბილისის ერთ–ერთ კაფეში გადაიღო, სადაც ისინი შეხვედრას მართავდნენ. რა იყო შეხვედრის თემა, არცერთს არ დაუკონკრეტებია. ბესელიამ განაცხადა, რომ ისინი მეგობრები არიან, უბრალოდ მიმდინარე საკითხებზე საუბრობდნენ და არანაირი ერთობლივი პოლიტიკური გეგმები არ აქვთ.
კვირიკაშვილმა კი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი მოკლე ინტერვიუ მისცა მთავარი არხის ჟურნალისტს და რამდენიმე კითხვას უპასუხა.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით.
“აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ. არცერთი პლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული რაც დღეს ხდება.როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ მინისტრს რა თქმა უნდა ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და თუ გნებავთ პოლიტიკური პოზიცია მექნება.
რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად 20 ივნისს რაც იყო ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც ამის შესახებ განცხადება, გამოვხატე ჩემი პოზიცია. ასეთი რაღაცა შეიძლება მომავალშიც მოხდეს და არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ.
ზოგი ამბობს რომ დააშინეს და დააშანტაჟეს, დაშანტაჟებულ კაცს მგონი არ ვგავარ.
ეს ყველაფერი არის სუსტი ადამიანების მოგონილი. ძალიან მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურე პატიოსნად და დღემდე ასე ვაგრძელებ ჩემს ცხოვრებას.“ – ამბობს კვირიკაშვილი და ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესზეც საუბრობს. ის თვლის, რომ ანაკლიის და ხაზარაძის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
“ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული. ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება ჩემი აზრით ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და ეს არის წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის.
ისტორია და ზღაპრები, თითქოს წელიწადნახევრის წინ ჩვენ რაღაცეებს ვაპირებდით, არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების, ვისაც ამ მითის მოგონება აწყობდათ. მათი მოგონილი და დაწერილია ეს ზღაპარი. ძალიან სამწუხარო ის არის, რომ ივანიშვილმა ეს არათუ დაიჯერა, არამედ თავისი მთელი მოქმედებები ააგო ამ მითებზე.“ – ამბობს კვირიკაშვილი და ასევე პასუხობს კითხვას სახელისუფლო ძალაში მიმდინარე პროცესების და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის შესახებ:
“ჩემი აზრით იმ ადამიანების პირდაპირ დეპორტირება მმართველ პარტიაში არის ძალიან დამაზიანებელი ქართული ოცნებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვარებზე საუბარი არ მინდა, ყველას ვგულისხმობ. თუკი რაიმე ნეგატივი არსებობდა იმ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით 2012 წლამდე ყველაფერი დაკავშირებული იყო იმ სისტემის ცუდ ნაწილთან და რატომ უნდა გინდოდეს რომ მაინცდამაინც ის ცუდი ნაწილი შენს სახელმწიფოში გადმოაპორტირო არ მესმის. რა თქმა უნდა, ივანიშვილის პასუხისმგებლობა არის ამ ყველაფერში. ეს ყველაფერი ივანიშვილისთვის , ხელისუფლებისთვის, მისი პარტიისთვის და სახელმწიფოსთვის არის დამაზიანებელი.“– თქვა კვირიკაშვილმა.