“წაგების უფლება არ გვაქვს”- ეკა კვესიტაძის ემოციური მონოლოგი (ვიდეო)

“რუსთავი2 “- ის გადაცემა “კვირის აქცენტები” ეკა კვესიტაძემ ვრცელი მონოლოგით დაიწყო. 

კვესიტაძემ ერთი წლის შემდეგ “კვირის აქცენტები” პირველად წაიყვანა თანაწამყვანის, ნიკა გვარამიას გარეშე.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებულად მძიმე ეთერია, რადგან სწორედ ნიკა გვარამია იყო იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის მაგალითი, რომელმაც სამაუწყებლო კომპანიის დამოუკიდებლობა ამ დრომდე შეინარჩუნა.

გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ შეიძლება “კვირის აქცენტები” ბოლოჯერ გადიოდეს ეთერში, მაგრამ ისინი არასოდეს უღალატებენ პრინციპებს, რადგან ეს თავისუფლებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა:

“დღეს ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერია. ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მჯეროდა, რადგან ამ წლების მანძილზე ყოველდღე ვუყურებდი, როგორ იბრძოდა ფინანსურ ბლოკადაში მყოფი არხის გადასარჩენად და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და რაც მთავარია, არასოდეს ნებდებოდა.
დღეს ნიკა გვარამია ჩემს გვერდით აღარ იქნება, თუმცა მხოლოდ ამ სტუდიაში. მაგრამ „კვირის აქცენტების“ სტუდიაში ვიქნები მე მანამ, სანამ ამ გადაცემას არ დახურავენ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა, რამდენი დღე, კვირა, ან შესაძლოა თვეც, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს არასოდეს ვუღალატებთ.

“რატომ არის ეს ბრძოლა ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ არის ის თავისუფლებისთვის დაწყებული იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ამ ერთი თვის განმავლობაში არც ერთი დღით არ შეწყვეტილა. რამდენიმე დღის წინ მოსკოვში კრემლის წინ ერთი ადამიანის აქცია გაიმართა, რომელსაც ხელში ცარიელი ფურცელი ეკავა და ასე აპროტესტებდა პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს. ეს ადამიანი სულ ცოტა ხანში დააკავეს – აი ასე უბრალოდ, მდუმარე პროტესტისთვის. სწორედ აქამდე მიდის ის გზა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია დაგვაყენა და რომლის კონტურები სულ უფრო ცხადად იკვეთება. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ივანიშვილი პუტინის დავალებების ასრულებს თუ პირადი ინტერესებით მოქმედებს – ფაქტია, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თავისუფალი მედიის მიტაცების გზით საქართველოში ავტორიტარიზმის გამყარებასა და ხელისუფლებაში ყოფნის მაქსიმალურად გახანგძლივებას ცდილობს, რაც სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედის და არა დასავლეთის. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილის გზას მხოლოდ ერთი მიმართულებით მივყავართ – იქ, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება ერთი ადამიანისა და მისი კორუმპირებული კლანის ხელშია, იქ სადაც ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერებს კლავენ ან აპატიმრებენ, სადაც რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლ ადამიანებს ქიმიური იარაღით წამლავენ, სადაც საბჭოთა КГБ-ს პროპაგანდა ადამიანებს ტვინს ურეცხავს და ხელისუფლების მიერ მართულ ზომბებად აქცევს, სადაც ადამიანებს მდუმარე პროტესტის გამოც კი აკავებენ და სადაც არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერც ეკონომიკური კეთილდღეობა და ვერც სამართლიანობა. თან, განსხვავებით რუსეთისგან, ჩვენ არც დიდი სახელმწიფო ვართ და არც ნავთობი და გაზი გვაქვს, ამიტომ მხოლოდ ერთადერთი პერსპექტივა გვემუქრება – ბიძინა ივანიშვილის ფეოდალურ სამფლობელოდ ვიქცეთ – არშემდგარ ქვეყანად, როგორიც 2003 წლამდე ვიყავით.

“ერთხელ ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ დღევანდელ ეპოქაში ჩვენი „ოქროს საწმისი“ დემოკრატიაა. ზუსტად ასეა, რადგან ძლიერი დამოკრატიის გარეშე ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ გადავრჩებით და რუსეთის მოუვლელ, მიტოვებულ უკანა ეზოს დავემსგავსებით. ამიტომ, თუ მკითხავთ, რა მიზანი გვაქვს, შემიძლია გიპასუხოთ ერთი სიტყვით – გამარჯვება. “გამარჯვება ყველაფრის ფასად, გამარჯვება – როგორი რთული და გრძელიც არ უნდა იყოს მისკენ მიმავალი გზა, რადგან გამარჯვების გარეშე არ არსებობს გადარჩენა,” ეს სიტყვები, რომელიც უინსტონ ჩერჩილს ეკუთვნის, ზუსტად ერგება იმ ომს, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოსთვის არის დაწყებული, ომს, სადაც ზოგიერთ ბრძოლაში შეიძლება დავმარცხდეთ, მაგრამ რომლის საბოლოოდ წაგების უფლება არ გვაქვს,”-განაცხადა ეკა კვესიტაძემ.