ლაგოდეხში არასრულწლოვანმა იმშობიარა.ის ამბობს, რომ მეგობრის მამამ გააუპატიურა

ლაგოდეხის პოლიციამ  16 წლის გოგოს მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
რეგინფოს ინფორმაციით გოგო ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ის გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგო ორსულად იყო და იმავე დღეს ბავშვი გააჩინა.
სკოლის დირექტორის თქმით, გოგოს ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა არც მან, არც მასწავლებლებმა.
გოგო ამბობს, რომ გასული წლის სექტემბერში, მის მეზობლად მცხოვრებმა და ოჯახის ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა, რომლის შვილი მისი მეგობარი და თანაკლასელია. ის ღამე მათთან სახლში დარჩა და ცალკე ოთახში იწვა, როდესაც მეგობრის მამამ გააუპატიურა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ მომხდარის შესახებ არავისთან არაფერი ეთქვა. 

რეგინფოს ინფორმაციით გოგონა ამბობს, რომ არ იცოდა საკუთარი ორსულობის შესახებ, სანამ ბავშვი არ გააჩინა და არც მუცელი ეტყობოდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულად ცნობილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ბავშვის მამის დასადგენად და მას შემდეგ, რაც ბავშვის მამის ვინაობა დადგინდება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება.
გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ნათესავ ბავშვთან არავითარი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.
გოგოს და მისი ოჯახის წევრების თქმით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს.
გოგოს ოჯახი და ახლობლები სამართალდამცავებისგან სავარაუდო მოძალადის დასჯას ითხოვენ და შიშობენ, რომ ის შესაძლოა მიიმალოს.
სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.