“ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია“–დავით ჭიჭინაძე

“ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე – თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობა.“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მოძრაობა “სახალხო ტრიბუნის“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, მისი თქმით,  ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე დაგვანახა და ის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ენდობიან.
“არ იციან ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი პრაქტიკულად გაორმაგდა. ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვთ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

სახელდება: ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი… მოკლედ, თავად არასოდეს არ არიან დამნაშავები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია.

არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას, ამ ქვეყანაში, რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსისი ცვალებადობასთან. ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება. ამიტომ, არამგონია ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო პირიქით.“ – ამბობს დავით ჭიჭინაძე