ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსანთა შორის. 109+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ტრიუმფით გაიმარჯვა. მან აკვრაში მეორე ცდაზე 260 კილოგრამი აწია, რაც 3 კილოგრამით მეტია წინა რეკორდზე. ორჭიდის ჯამში მან 478 კილორგამი აწია და ამით თავისივე მსოფლიოს რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძალოსნების ტრიუმფითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ტრადიციულად ტურნირი მამაკაცთა შორის მძიმე წონის წარმომადგენლების გამოსვლით მთავრდება, სადაც გიორგი ასანიძეს ორი წარმომადგენელი ჰყავდა და მათ ექვსი მედლის აღება შეძლეს. ამასთან ერთად მსოფლიოს უძლიერესმა ადამიანმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი გააუმჯობესა.
ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (195, 201; 206) და ვერცხლის მედალი აიღო ირაკლი თურმანიძემ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯერ 227 კილოგრამი აკრა, შემდეგ 234 დაძლია, ბოლოს დამორჩილებული 241-ით კი ამ დისციპლინაში მესამე ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე დასრულებულ ევროპირველობაზე სულ 15 მედალი აქვს. მძიმეწონოსნებამდე ატაცში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვა. სამი მედალი რევაზ დავითაძემ (89. კგ) აიღო, რომელმაც ატაცში ოქრო, აკვრასა და ორჭიდში კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. აკვრაში ოქროს მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო. სამი მედალი კი ძმების ირაკლის და გოგა ჩხეიძეების ანგარიშზეა. პირველმა მათგანმა დღეს დილით 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის ატაცის ბრინჯაო აიღო, უფროს ძმას კი (67 კგ.) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო ერგო