ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. საგამოძიებო ორგანოდან გამოსვლის შემდეგ, ღაჭავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.
მისივე თქმით, საქმე არ უკავშირდება ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებას.
ღაჭავას განცხადებით, საქმე უკავშირდება სხვადასხვა კომპანიების შემოწმებას, რომელთა შორის თავადაც მოხვდა.
ღაჭავა ასევე ამბობს, რომ საქმის ნაწილი 2013 წლის ეპიზოდს უკავშირდება. ლაურა ღაჭავას აღკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ განიხილავს.
შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს ლარს 2 160 955. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.