საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ლავროვის არშემოშვებით შესაძლოა გავაბრაზოთ და გავაღიზიანოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები.
,,უაღრესად რთული თემაა. ასეთ პოლიტიკურ თემას აქვს ხოლმე რამდენიმე შემადგენელი. ერთია ემოციური, რომლის გაშლასაც არ დავიწყებ. ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტუმარი, ის საქართველოს მხარის მოპატიჟებით კი არა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოპატიჟებით მოდის საქართველოში. ამ დროს დგები რეალობის წინაშე, რა უნდა იყოს განმსაზღვრელი შენთვის, შენი ემოცია, აღშფოთება თუ, რა. ასეთ მომენტში ჩემთვის ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესები”,- განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ლავროვის არშემოშვება შესაძლოა საქართველოსთვის საშიში იყოს და საქართველოს შესახებ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინოს.
,,ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით რომ კი , იმიტომ , რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ, ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება საქართველოს შესახებ ნეგატიური პიარი წავიდეს ჩვენს პარტნიორებს შორის. ლავროვის არშემოშვებით ჩვენ მოვიგებთ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენზე თქვან, რომ ჩვენ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები”,- ამბობს მარგველაშვილი.
მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, ლავროვის ჩამოსვლას ქართული საზოგადოება სავარაუდოდ მიუღებლობით შეხვდება, ეს მიუღებლობა კი დიპლომატიურად უნდა წარმოვაჩინოთ და ამავე დროს, ანგარიში გავუწიოთ ევროპელ პარტნიორებს.
,,აი, ქართველები როგორები ვართ, ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ, რამდენად მიუღებელია ჩვენთვის ეს, ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ჩემი სცენარი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს დავანახებდი, რამდენად მიუღებელია ოკუპაცია ქართველებისთვის, რამდენად ამის გაკეთება შეუძლიათ მათ ევროპული სტანდარტით და რამდენად ვუწევთ ანგარიშს იმ ადამიანებს, ვინც , საბოლოო ჯამში, უტაქტოდ დაპატიჟა ლავროვი საქართველოში”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, მაისში საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება. რუსეთიდან ასამბლეაში მონაწილეობას სავარაუდოდ სერგეი ლავროვი მიიღებს. ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში მოხსენებისას განაცხადა, რომ საქართველო შემოუშვებს რუს დელეგატებს, რომელებსაც დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი, შემდეგ კი განმარტა, რომ ის არავის ეპატიჟება.