ლელო BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” საქართველოსთვის ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ BBC-ის რუსულმა ბიურომ ოკუპირებული აფხაზეთი სუვერენულ ერთეულად მოიხსენია. როგორც პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” აცხადებს, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელის აფხაზეთის პრეზიდენტად მოხსენიება წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულებელყოფას და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

გამოცემას უკვე გაუგზავნეს საპროტესტო ნოტა და მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ ჩაასწორონ არასწორი ინფორმაცია.

12 იანვარს BBC-ის რუსულმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ გადადგა. ამ მასალაში ოკუპირებული რეგიონი მოხსენიებულია, როგორც “საქართველოსგან გამოყოფილი რესპუბლიკა”.  სტატიაში არ არის გამოყენებული სიტყვები დე ფაქტო ან თვითაღიარებული და ე.წ. უწყებები ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოებად არის წარმოჩენილი.