ლევან გოგიჩაიშვილს მოსამართლეთა გარდაქმნის თაობაზე კობახიძის ოპტიმიზმის არ სჯერა

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება, მთლიანად აცდენილია ქართველი ხალხისსურვილს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება თითქოს ის მოსამართლეები, რომლებიც გუშინ ცუდები იყვნენ, დღეს არიან კარგები, რაც ასე არ არის.

“არ შეიძლება, რომ ასე უცებ შეიცვალოს ადამიანი. ამ საკითხებზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას”, თქვა გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.
რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა “ქართული ოცნების”, დატოვებას: “ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლებაში და ბოლომდე მივიყვანოთ და გავაცნოთ კოლეგებს ის პოზიცია, რომელიც გვაქვს აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირები, რომლებიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ეწინააღმდეგებიან, 2012 წლის შემდეგ მათ მიერ განხილულ ვერც ერთ პრობლემურ საქმეს ვერ ასახელებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუ “რეაქციაში” განაცხადა.

“ადრე იყო მილიონი ქეისი, ახლა არ არის არც ერთი. ეს ნიშნავს, რომ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე. ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს”, განაცხადა კობახიძემ.