ლევან ხაბეიშვილს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

საქალაქო სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მას პროკურატურამ ბრალი დღეს ირაკლი ზარქუაზე ძალადობის ბრალდებით წარუდგინა. ბრალდების მხარე ენმ-ის წევრისთვის 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

,,მოკლედ, ფაქტობრივად, გამომაცხადეს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონად, დაგეგმილი თავდასხმის შემდეგ გამასამართლეს, რაც უცნაური არ არის ამ ხელისუფლებისგან. ერთი აღსანიშნავი ფაქტი ნამდვილად მოხდა სასამართლო სხდომათა დარბაზში. მოსამართლემ, ფაქტობრივად ,განაჩენის გამოცხადების შემდეგ იტირა. ვუტრირებ , რა თქმა უნდა , მაგრამ თქვა, რომ შინაგანი რწმენა სხვა მაქვს, მაგრამ ფაქტებითო პროკურატურა შემოვიდა და იმდენად მძიმეა მისი განცხადებაო, რა ვქნა, ვერ დავტოვებ გირაოს გარეშეო”,- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ხაბეიშვილმა.

24 იანვარს თბილისის საკრებულოში ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე ინციდენტის დროს, პროკურატურის მტკიცებით, ხაბეიშვილმა ზარქუაზე იძალადა.