მოსამართლე მურუსიძე ფიქრობს, რომ საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით ებრძვიან

{{ARTICLEIMAGE}}
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ უკვე წლებია, მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია გრძელდება, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მისი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია. ამის შესახებ მურუსიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. 

“ამ დროის განმავლობაში ჩემი დისკრედიტაცია ხორციელდებოდა საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით. ჩემს მიმართ პირდაპირ და უაპელაციოდ გამოცხადდა ვერდიქტი და არცერთ ეტაპზე არც კვალიფიციური ოპონირების საშუალება მომეცა, რათა საკადრისი პასუხი გამეცა ცილისმწამებლებისათვის და არც ფაქტების წარმოდგენაზე იზრუნა ვინმემ”.

მურუსიძე წერს, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებით აგრესიულად და ცილისმწამებლურად “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაილაშქრა – პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ეცადა საკუთარი პასუხისმგებლობის მასზე დაკისრებას.

“მე ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. ამასთან, არაფრად მიღირს მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხი არ გავეცი და წერტილი არ დავუსვი ამ ბინძურ კამპანიას. მე ასევე ზედმიწევნით კარგად მესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობისა და რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის პირობებში მოსამართლედ მუშაობა ნამდვილად არ იყო მარტივი… სწორედ ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების პრინციპულმა პოზიციამ განაპირობა ის რეალური პროგრესი, რომელსაც სასამართლო სისტემამ მიაღწია ამ წლებში და რომელზეც არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევა თუ ინდექსი მეტყველებს. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობის თვალსაზრისით ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით-პირველზე. ესეც მოცემულობაა და ოპონენტებს ამ მოცემულობისთვისაც მოუწევთ თვალის გასწორება”.

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ის მზად იყო გადამდგარიყო, თუ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მისი ბრალეულობა დამტკიცდებოდა. თუმცა “არასამთავრობო სექტორი დღემდე ჯიუტად დუმს”.

“არანაირი ფაქტი ამ საქმეზე ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს. მათი დუმილის მიუხედავად, მე გაჩერებას აღარ ვაპირებ და ოფიციალურად ვაცხადებ: მსურს საგნობრივი დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან, დარგობრივ ექსპერტებთან და სწავლულ იურისტებთან. იმედია, ამ შეხვედრის ორგანიზება მესამე სექტორს არ გაუჭირდება; ცალკე ფორმატით, ერთხელ ან რამდენჯერმე მსურს შევხვდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და ვუპასუხო მათ ნებისმიერ კითხვას; სურვილი მაქვს, აგრეთვე, შევხვდე საქართველოს პარლამენტის უკლებლივ ყველა ფრაქციას და პირადად გავმართო მასთან დისკუსია”,წერს ლევან მურუსიძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნა. კენჭისყრის შედეგად მან 11 წევრის ხმა მიიღო.

ამავე თემაზე:

არასამთავრობო სექტორი:სასამართლო მმართველობაში კლანური სისტემის გაძლიერებაზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება

“განგაში ახლა უნდა შემოვკრათ” (ვიდეო)

რას პასუხობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე ანა დოლიძეს (ვიდეო)

დაპირისპირებების მიზეზი მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა

გასაუბრება სკანდალის ფონზე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლ
ეებს ელოდებიან

კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მოსამართლეების საკითხის განხილვა პარლამენტმა გადადო

პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია