„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ. “ლიბერალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს გაუგზავნა განცხადება, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ რედაქციას ტოვებენ.
როგორც განმარტავენ, “ლიბერალში“ მათ 7 ივლისამდე უნდა ემუშავათ, თუმცა მფლობელის მოთხოვნით ხვალიდან ისინი რედაქციას ტოვებენ. ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებენ. როდესაც მედია დაუკავშირდა ლიბერალის დამფუძნებელს შორენა შავერდაშვილს თუმცა მან ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, ცოტა ხნის შემდეგ კი მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:
“ძვირფასო ჟურნალისტებო და “ლიბერალის” გულშემატკივრებო,
ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მაგრამ აქაც დავწერ, რომ ჯერ-ჯერობით კონკრეტულ საჯარო განცხადებას არ ვაქვეყნებ.
ზოგადად კი შეგახსენებთ, რომ “ლიბერალი” და ჩემს მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები, რაც კი ბოლო 15 წლის მანძილზე გვიკეთებია, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან. ამაში იყო ჩვენი უნიკალურობაც და სირთულეც.
სწორედ ასე პოზიციონირდა “ლიბერალი” 10 წლის წინ მედია ბაზარზე და სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება გვინდა.
ამ პრინციპეპზე დაყრდნობით ვაგრძელებ “ლიბერალის” გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას და ვეცდებით, “ლიბერალს” ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი და ბლოგერი, ჰქონდეს უფრო მეტი ანალიტიკური სტატია და რეპორტაჟი და მოვლენების უფრო სიღრმისეული ხედვა.
მიხარია, რომ “ლიბერალის” (იქამდე კი “ცხელი შოკოლადის”) წიაღში გამოიზარდა ჟურნალისტების და საინტერესო ავტორების უკვე არაერთი თაობა, ვინც მკითხველის ნდობა მოიპოვა და დღემდე აგრძელებს “საჯარო სიკეთის” სამსახურს, სხვადასხვა ფრონტზე.
რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადჰყო, მოდის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა და სწორედ მათ მინდა დავუთმოთ ლიბერალის უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც! მომავალი მათია! ” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შორენა შავერდაშვილი