“ლიბერალური ძალები ზედმეტებში გადადიან.თავს უნდათ მოგვახვიონ ისეთი რამ, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია“–მეუფე იაკობი

სულთმოფენობის დღესასწაულის წირვის შემდეგ, მეუფე იაკობმა 14 ივნისს “თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებისა და მათი მოწინააღმდეგეებს აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება ქვეყანას დაღუპავს.

ქორეპისკოპოსის თქმით, გარკვეული ჯგუფები ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ ერს ძალით მოახვიონ თავს ის, რაც მათთვის მიუღებელია. მეუფე იაკობმა ქადაგებაში თქვა, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც ცდილობს საზოგადოებას თავს ეს ვნება მოახვიოს უნდა გაიაზროს რა შეიძლება მოჰყვეს არსებულ დაპირისპირებას. მისი თქმით, ლიბერალური ძალები უკვე “ზედმეტებში” გადადიან.

“კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია.​ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია გადმოვიღოთ და ხალხში ასეთ ვნებას, როცა ხელს უწყობ ალბათ უნდა გაიაზროს საზოგადოებას იმ ნაწილმა, ის რომ რა შეიძლება მაგას მოჰყვეს.

ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს. იმიტომ რომ ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება ეგეც არავის არ უნდა. იმიტომ რომ ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია.

ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის.

ჩვენ კარგად ვიცით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ერის ძალიან დიდი ნაწილი რასაც დაუჭერს მხარს. ამიტომ მე მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე,როგორც ცხოვრობენ, არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ ასეც არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ როგორც ხედავთ პოლიტიკოსები ერევიან ამაში და ერთი მხარი ასე ვთქვათ თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ. მე ამას ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს და იმიტომ ვლაპარაკობ. უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ძლიერებაზე და არა იმაზე, რომ რაღაცეებზე ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ,“-თქვა მეუფე იაკობმა.