ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა.
მისივე თქმით, მეზღვაურები საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდებიან.
„ჩვენი მეზღვაურები ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს, ჩვენი საელჩო ადგილზე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები, მეზღვაურები ლიბიის ტერიტორიულ წყლებში 2017 წელს დააკავეს. თავდაპირველად სასამართლომ მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური ბერკეტი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
კონსტანტინიდის თქმით, მეზღვაურებს ბოლოს ნავთობის უკანონო შეტანა ბრალდებოდათ, რისთვისაც მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული. მათ აღნიშნული ბრალდებაც მოეხსნათ.