ლისზე და კუს ტბაზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად – სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის განცხადებით, ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დისტანცირების რეკომენდაცია დაცული იყო და მხოლოდ რამდენიმეში დაფიქსირდა დარღვევა.

როგორც სუბარმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ქვემო ქართლში, მეჩეთებში ლოცვა პრაქტიკულად, შეწყვეტილია და ყველა რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირები პრობლემას აცნობიერებენ.

“დავიწყებ ქვემო ქართლით, აქ პრაქტიკულად, მეჩეთებში ლოცვა შეწყვეტილია. მორწმუნეებს მოუწოდებენ ლოცვები შეასრულონ სახლში. მეორე, ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა კვირას, იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები ეკლესიებში. მოგეხსენებათ, დიდი მარხვაა და მორწმუნეები ეკლესიებში ძალიან დიდი რაოდენობით მიდიან. მთელი საქართველოდან ყველა გუბერნატორს ვუკავშირდებოდი რა ხდებოდა და ეკლესიების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაცული იყო დისტანცია, ადამიანები იდგნენ ეკლესიის გარეთ, იყო რამდენიმე ეკლესია, სადაც იყო დარღვეული, მაგრამ ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ, რომ კონკრეტულად ეკლესიაში მორწმუნეები არ არღვევენ. ვუსმენდი ბატონ პაატა იმნაძეს და გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შეიქმნას ლისის და კუს ტბაზე მოსეირნე ადამიანებისგან, რომელთაც შეიძლება არ დაიცვან სოციალური დისტანცირება და სადაც გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე ათეულობით ეკლესიაში ერთად აღებული. სასულიერო პირებთან, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე კათოლიკური თუ მუსლიმური თემის ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი და მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნოებიერებული პრობლემა და დარწმუნებული ვარ, ამ კვირას უკვე ამ მხრივ ვითარება სრულად იქნება გამოსწორებული”, – აღნიშნა სუბარმა.