ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა მითითებული- მდინარაძე

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, 2019 წლის ოქტომბერში ენმ-მ აშშ-ში ლობისტური კომპანა Orion Strategies დაიქირავა, კონტრაქტის მოქმედების პერიოდი 1 წლით განისაზღვრა.

,,ბოლო კონტრაქტი ნაციონალურ მოძრაობასა და Orion Stategies-ს შორის თარიღდება 2019 წლის ოქტომბრით და მოქმედების პერიოდია ერთი წელი. კონტრაქტის მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიებს, ანუ ნაციონალურ მოძრაობას, ამ შემთხვევაში, უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში, ეს არის მითითებული კონტრაქტში. ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ, ყველასათვის ნათელია,”,- ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

ის აღნიშნავს, რომ ენმ-ს ლობისტურ საქმიანობაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, კონტრაქტს ხელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია რომ არ აწერდეს.

,,ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური, მითუმეტეს, არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, რომელიც კონტრაქტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად არის მითითებული. როგორც ვიცით, ეს ადამიანი არ უნდა იყოს ფორმალურად ნაციონალური მოძრაობის წევრი და საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ე.წ ობიექტური ექსპერტის სტატუსით. საუბარია ბათუ ქუთელიაზე.” – აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი მკაფიო დადასტურებაა, თუ ,,როგორ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემური დანაშაულიდან სისტემურ მანიპულაციამდე”.

ნაციონალურ მოძრაობასა და საკონსულტაციო კომპანია Orion Strategies-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიზანია: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული მიზნებისთვის რჩევისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად”.