ლომბარდები იხურება. რა ბედი ელის სესხებს და დალომბარდებულ ნივთებს

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ლომბარდების ნაწილი დახურვის რეჟიმში გადადის. 2019 წლის 1 იანვრამდე საქართველოში 600 ზე მეტი ლომბარდი ფუნქციონირებდა. “სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა და რეგულირების წესების“ ძალაში შესვლის შემდეგ ბაზრიდან წვრილი და საშუალო ლომბარდების უმრავლესობა გაქრება.
არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ინფორმაციით ლომბარდებს, რომელთაც 100 000 ლარიანი პორტფელი აქვთ ეროვნულ ბანკში 10 000 ლარის გადახდა უწევთ, ახალი რეგულაციების ყველა სხვა პირობის დასაკმაყოფილებლად კი ხარჯები 20–25 ათას ლარამდე ადის. ლომბარდების დიდი ნაწილი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. მათი დიდი ნაწილი იხურება, მათ პორტფელებს კი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები ყიდულობენ.
ასოციაციის ხელმძღვავნელი, ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ბანკებმა წვრილ და საშუალო ზომის ლომბარდებს ოქროთი უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი გაუძვირეს, ამიტომ ბევრი იძულებული გახდა სასესხო პორტფელი გაეყიდა. თუმცა კომპანიების ნაწილი ვერც პორტფელს ყიდის, ვერც ვალდებულებებს ფარავს. და ვერც დათქმულ ვადაში, ანუ 2019 წლის აპრილამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებას ახერხებენ. დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში კი აპრილის ბოლოდან სესხების დახურვასაც ვეღარ შეძლებენ. ირაკლი ბერძენაძის განცხადებით ახალი რეგულაციები წლების მანძილზე არსებულ ბიზნესებს ყველა გზას უკეტავს და ამით შესაძლოა მომხმარებელიც დაზარალდეს.