პარლამენტის თავმჯდომარის , არჩილ თალაკვაძის განცხადებით, Bloomberg-ის სტატია, რომელშიც ავტორი ბიძინა ივანიშვილს ,,ჩრდილოვან ბოსს” უწოდებს, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია.
მისი თქმით, ოპოზიცია საზღვარგარეთ, მათ შორის საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით ცდილობს, გააჟღეროს თავისი პოზიციები.
„ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც აქვთ ქვეყანაში დაბალი ან ნულოვანი მხარდაჭერა, თავის წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებს, ვინაიდან მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ მხარს არ უჭერს. ისინი ცდილობენ საზღვარგარეთ, მათ შორის საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები. Bloomberg-ის სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული. მათ არ გაუშუქებიათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, დღეს კი სააგენტო წერს, თითქოს ივანიშვილი 77 ათას დოლარს ხარჯავს. 3 მილიარდსა და 77 ათასს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. რაც შეეხება კომპანიებს, აშშ-ის და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ბიძინა ივანიშვილს და სხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და გამოიყენოს ამა თუ იმ კომპანიის მომსახურება თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატია ამჯერად ,,ქართული ოცნების” მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანიის Hogan Lovells-ის დაქირავებას ეხება, რომლისთვისაც თვეში $75 000 გამოიყოფა.