ლუკაშენკო: სააკაშვილი იბრძოდა ბელარუსისთვის

ბელარუსის პრეზიდენტმა მედიასთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე საქართველოც ახსენა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე ისაუბრა. ლუკაშენკო ამბობს, რომ სააკაშვილი ბელარუსისთვის იბრძოდა.

“მოგწონთ ის, თუ არა, სააკაშვილი ბელარუსისათვის იბრძოდა ევროკავშირსა და ამერიკაში. თავის ხასიათიდან გამომდინარე ყველას არწმუნებდა: თქვენ არ იცნობთ ბელარუსს, არ იცნობთ ბელარუსის პრეზიდენტს, რატომ ახდენთ მათზე ზეწოლას”, განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 98 პროცენტი არ დაუჭერდა მხარს ბელარუსის შესვლას რუსეთის შემადგენლობაში, თუ რეფერენდუმზე მსგავსი საკითხი დადგებოდა.

მისივე თქმით, ბელარუსს საქართველოსთან არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პრობლემები არ აქვს – “მზად ვართ, ჩვენი კეთილი ურთიერთობები გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც.

ჟურნალისტის კითხვაზე როგორ ვითარდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და რა არის მოსალოდნელი სამომავლოდ, ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობები ნულიდან დაიწყეს და ახლა ვაჭრობა რამდენიმე ათეული მილიონს უტოლდება.

“ჩვენ თქვენთვის მეგობარი სახელმწიფო ვართ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოსთან ტვირთბრუნვა საერთოდ არ გვქონდა და ახლა ეს მაჩვენებელი 87 მილიონს აღწევს. ქვეყანა პატარაა, ბაზარი პატარაა, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობა ნულიდან დავიწყეთ. თქვენ გჭირდებათ ყველაფერი, რასაც ვაწარმოებთ. მე ვიყავი საქართველოში, ვნახე ქვეყანა როგორ ვითარდება და ვნახე, რომ ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია. საქართველოსთან არავითარი პრობლემა არ გვაქვს, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური. ჩვენი კეთილი ურთიერთობები მზად ვართ გამოვიყენოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც”, აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტს 1994 წლის ივლისიდან იკავებს.

წყარო – რადიო თავისუფლება/საზოგადოებრივი მაუწყებელი