ავიაკომპანია Flynas რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა. პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება.
ავიაკომპანია Flynas– ის განაცხადებით რიადიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამი პირდაპირი რეისი განხორციელდება, „კომპანიამ გაითვალისწინა მგზავრების მოთხოვნა და გაზარდა ოპერირება ახალი მიმართულებით“- ნათქვამია ავიაკომპანია Flynas -ის განცხადებაში.
რიადი -თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილსა და ავიკომპანია Flynas აღმასრულებელ დირექტორს ბანდერ ალმოჰანას შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში.
“საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, გამორჩეული მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და დამატებითი სტიმულია საქართველოში ახალი ავია რეისების დანიშვნის კუთხით. წარმატებული მარკეტინგული კამპანიისა და ავიაკომპანიის ეფექტური ოპერირების შედეგად საუდის არაბეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის რვა თვეში + 44,6 %-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ავიკომპანია Flynas – ის გადაწყვეტილება მთელი წლის განმავლობაში გადავიდეს ოპერირებაზე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის“- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ავიაკომპანია Flynas საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.
Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებისგან Airbus A320NEO შედგება, დაარსებიდან დღემდე ავიაკომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ეს ციფრი წლიდან წლამდე მზარდია.