მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პლენარულ სხდომაზე დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭს უყრიან.
კომისიის შექმნას ოპოზიცია რამდენიმე თვეა ითხოვს. მათი შეფასებით, თუ ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნება, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის ობიექტურად გამოძიება.
„ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ პარლამენტში აღმოჩნდება 50 წესიერი დეპუტატი, რომელიც დაუწე3რს მხარს კომისიის შექმნას და სწორედ ამ კომისიის მუშაობის შედეგად უნდა მოეფინოს ყველაფერს ნათელი. თუ კომისიის შექმნა ჩავარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ხელისუფლება არის დამნაშავე და მას არ აქვს სურვილი გამოიძიოს ეს საქმე და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელს აფარებს დამნაშავეებს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ჯერ საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა და საქმის გამოძიება უნდა დაასრულონ.
„სანამ არ ამოიწურება ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიება, რა თქმა უნდა არ ვარ მომხრე, რომ ამ კუთხით შეიქმნას კომისია,“-აცხადებს დავით მათიკაშვილი.