„მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ნაციონალური მოძრაობა და მე უბრალოდ ვთვლიდი, რომ ამ ადამიანს ისინი, სპეციალურად აძახებდნენ. შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი,“ – ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა, კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
იოსებ გოგაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი მის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიის წევრებმა და მათთან დაკავშირებული პირები განაწყობდნენ.
„ის ადამიანი ამას რომ იძახდა, იქამდე სანამ შევიტყობდი, რომ ის მკვლელობას გეგმავდა ჩემსას, ის ადამიანი, როცა ჩემს სახელს იძახდა ანუ მე ვთვლიდი, რომ მას ამას ეუბნებოდნენ და ის ამ შეკვეთას ასრულებდა და იძახდა ამ სახელს იმიტომ, რომ იქამდე ნაციონალურ მოძრაობას და მის წევრებს და მასთან ასოცირებულ ადამიანებს ძალიან ბევრი ცილი დაუწამებია ჩემთვის, თვითონ ნაცმოძრაობის წევრებსაც და მათ ახლობლებს და მეგობრებსაც და მე ვთვლიდი, რომ ის ადამიანიც ამას აკეთებდა იქამდე, სანამ მე არ დავრწმუნდი იმაში, რომ მან დაიჯერა ეს და დაგეგმა ჩემი მოკვლა და ჩემი ოჯახის. იმ ადამიანს
მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ – განაცხადა გოგაშვილმა.
მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ – განაცხადა გოგაშვილმა.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაიჯერა, რომ სპეცოპერაციაში მისი შვილის მკვლელობის ბრძანება მართლა გოგაშვილმა გასცა.
„ეს აწყობდა ოპოზიციურ პარტიას, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ქართული ოცნების და მმართველობის იმიტომ, რომ მე ვიყავი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი და შემდეგ აღმოვჩნდი გადავედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ის ამას იძახდა, კიდევ ვიმეორებ, მე დავრწმუნდი, იქამდე მე ეჭვი მეპარებოდა, ვამბობდი, რომ ალბათ ამას იყენებენ და აყვირებენ ამ ადამიანს, მაგრამ როდესაც იმან გადაწყვიტა, რომ ამოვეწყვიტეთ მთელი ოჯახი სასაფლაოზე, მთელი ოჯახი შვილებით და შვილიშვილებით და თან ეს წინასწარაც გააკეთა, აფიშირება გააკეთა და განცხადება, რომ ის ამოწყვეტს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს გაანადგურებს, ამის შემდეგ მე ბოლომდე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანს სჯერა, რომ ეს ასე. ამიტომ, მე მინდა, რომ ის ადამიანი დავარწმუნო, რომ ეს ასე არ ყოფილა,“ – განაცხადა გოგაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან წელიწადნახევარი გავიდა, გოგაშვილი არ დაუკითხავს პროკურატურას.
„ახლა იძიებენ ჯერ, სპეცრაზმელის მოქმედება ადეკვატური იყო თუ არ იყო ადეკვატური. იძიებენ, შეიძლება, უფრო ადრე რომ დამთავრებულიყო, კარგი იქნებოდა და წელიწადნახევარი მიმდინარეობს ეს გამოძიება და მე ხომ არ ვიცი, იქ რა პროცესი მიმდინარეობს, როგორი მტკიცებულებები აქვთ, როგორი დაკითხვებია, რამდენი ადამიანია დასაკითხი,“ – ამბობს გოგაშვილი.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არც პანკისის სპეცოპერაციასთან და არც მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის განზრახვის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს არ დაუკითხავთ.
„ჯერ ჩვენება არ მიმიცია არაფერზე. გეგმა აქვს პროკურატურას თავისი, მიდიან თავის გეგმის მიხედვით, მე ვერანაირად ვერ ჩავერევი და ვერც შევაწუხებ ზედმეტად,“ – ამბობს გოგაშვილი.
სუსის ყოფილი უფროსის მოადგილე დღეს პარტია ქართულ ოცნებაში მოღვაწეობს. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში ხელმძღვანელობს სამსახურს, რომელიც პარტიის თანამშრომლებს ამოწმებს.
„სადამსჯელო დანაყოფი არ არის, რომელიც გამოავლენს და დასჯის ადამიანებს. ჩვეულებრივ, როგორც ყველა პარტიულ დანაყოფში, ასევე ჩვენთანაცაა. ეს სამსახური ჩემი იქ გადასვლის შემდეგ არ შექმნილა. სამსახური იქ არსებობდა და მე შევუერთდი ამ სამსახურს. გადავედი იქ, ფაქტობრივად, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე. ეს ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, სადაც მე დავიწყე პოლიტიკაში ფეხის ადგმა და შევედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, დამსახურებული პენსია, არავინ იცის, ხვალ სად იქნება გოგაშვილი. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, გუნდთან ერთად გუნდის შიგნით სად ვიქნები,“ – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
გოგაშვილმა კურიერთან ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, გუნდში მსჯელობდნენ, რომ პარტიული მიმართულებების გაძლიერება იყო საჭირო. სოსო გოგაშვილის განცხადებით, მისთვის არავის უთქვამს, რომ სუს-ი უნდა დაეტოვებინა. მისი შეფასებით, რაღაც ეტაპი მთავრდება და სხვა იწყება. ის უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რომელიმე პირი ძალოვან უწყებაში გადადის ან პირიქით იქიდან პარტიაში ინაცვლებს.