უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა, ნოდარ მელაძის განცხადების საპასუხოდ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ცოტა ხნის წინ “რუსთავი2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მას უსმენენ.
ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მელაძის ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ეკა ბესელია ნამდვილად იყო რუსთავი 2-ის ინფორმატორი.
„დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ნოდარ მელაძეს. მან პრინციპში დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. მისი კომენტარიდან მე ამოვიკითხე ეს. ოღონდ მან საიდან მოიტანა, რომ მოსმენებით მოხდა ამის დადგენა, ეს არის ისევ “რუსთავი 2-ის” ნარატივი. მე გეტყვი, საიდან მოხდა ამ ფაქტების დადგენა. ეს იყო ჩემი დაკვირვება, როდესაც მხოლოდ ის ინფორმაციები ჟონავდა უმრავლესობიდან, რომელიც ეკა ბესელიას აწყობდა და არ შედიოდა სხვა არავის ინტერესში. ხოლო არ ჟონავდა ისეთი ინფორმაციები, რომელიც ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციულ ბრალდებას ეხებოდა. პირველი ეს და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, რომ ამის დაკვირვების საშუალება გვქონოდა. ასევე გაგიმხელთ, რომ მათ შორის ჩემი წყარო იყო ერთ-ერთი “რუსთავი 2-ის” თანამშრომელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ნოდარ მელაძემ აღიარა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. შესაბამისად, ჩემი წყაროს ინფორმაცია იყო ზუსტად და მადლობა ნოდარ მელაძეს. მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა. ყოჩაღ მას. ყოფილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავდა წყაროდ, რომელსაც, როგორც ჩანს, ხშირად აწვდიდა ინფორმაციებს,
ეკა ბესელია ნაბიჯს არ დგამს ისე თუ რაიმე ფინანსური დაინტერესება არ აქვს. მას თუ საშუალებას მისცემ, იგი აუცილებლად ჩაიძირება კორუფციაში. რისი საშუალებაც არ მისცა სასამართლო ხელისუფლებამ. მას პირდაპირი ინტერესები ჰქონდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში დაენიშნა მოსამართლეები და მან ეს ვერ მიიღო. შესაბამისად, გამწარდა და იკადრა უკადრებელი,“ – განაცხადა ზარდიაშვილმა.